ახალი თაობის, სწრაფი ვაი-ფაი (Wi-Fi) ოფიციალურად გაეშვა – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

უკაბელო ინტერნეტის ახალი ვერსია, ვაი-ფაი 6 ოფიციალურად გაეშვა. ალბათ იკითხავთ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

მათთვის, ვინც დროის უდიდეს ნაწილს ინტერნეტთან ატარებს, ეს ამბავი უმნიშვნელოვანესია, რადგან ახალი თაობის ვაი-ფაი იქნება გაცილებით სწრაფი, ძლიერი და გაცილებით უკეთესი, ვიდრე უკაბელო ინტერნეტის ის ტექნოლოგია, რომელსაც დღეს ვიყენებთ.

უმეტეს ჩვენგანს ალბათ არასოდეს გვსმენია ვაი-ფაის ვერსიების შესახებ — 1, 2, 3, 4, ან 5. საინტერესოა, საიდან გამოჩნდა ასე მოულოდნელად ვაი-ფაი 6?

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ვაი-ფაი არის უკაბელო ქსელის პროტოკოლების წყება, რომელიც დაფუძნებულია IEEE 802.11 სტანდარტებზე. გასული ოცი წლის განმავლობაში ეს სტანდარტები მრავალი სხვადასხვა ფორმით იყო წარმოდგენილი და ისინი სათავეს 1980-იანი წლებიდან იღებს.

მას შემდეგ გამოვიდა დაახლოებით 15 ევოლუციური ვერსია, რამაც საბოლოოდ, ვაი-ფაი 6-მდე, ანუ IEEE 802.11ax-მდე მიგვიყვანა; თითოეული ვერსია წინას გაცილებით აღემატებოდა.

წინამორბედთა მსგავსად (802.11b, 802.11a, 802.11g, 802.11n, and 802.11ac), 802.11ax წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს ტექნოლოგიებში — სტანდარტს, რომელსაც მოწყობილობათა მწარმოებლები უახლოესი წლების განმავლობაში გამოიყენებენ სმარტფონებში, ტაბლეტებში, კომპიუტერებში, სახლის ჭკვიან მოწყობილობებსა და რა თქმა უნდა, ვაი-ფაი როუტერებში.

თუკი ვაი-ფაის დიდი ხნის მომხმარებელი ხართ, შეიძლება გახსოვთ IEEE 802.11 ტექნოლოგიის წინა თაობები, მაგალითად 802.11g და 802.11n, რომლებიც წინ უსწრებდა ამჟამინდელ 802.11ac-ს.

ყოველ ჯერზე, როცა ვაი-ფაის ახალ ვერსიაზე გადავდივართ, მნიშვნელოვნად იმატებს კავშირის სიჩქარე და სიგნალის სიძლიერე, ჩნდება ახალი უკაბელო მახასიათებლებიც.

მაგალითად, ბოლო დიდი ნახტომი 802.11n-დან 802.11ac-ზე მრავალმხრივ გამორჩეული იყო — ერთი როუტერით შესაძლებელი გახდა მთელი სახლის დაფარვა ძლიერი უკაბელო სიგნალით.

მნიშვნელოვანი იყო 802.11g-დან 802.11n-ზე გადასვლაც, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კავშირის სიჩქარე.

იმის გამო, რომ 802.11 სტანდარტების სხვადასხვა ვერსიების სახელები ცოტა არ იყოს, რთული და ძნელად გასარჩევია, გასულ წელს, ვაი-ფაი ალიანსმა, რომელიც ვა-ფაი ტექნოლოგიების სერტიფიცირებას განაგებს, სახელდების ახალი სტრუქტურა წარმოადგინა.

მას შემდეგ, 802.11n გახდა ვაი-ფაი 4, ამჟამინდელი სტანდარტი, 802.11ac ვაი-ფაი 5, შემდეგი თაობის 802.11ax კი ვაი-ფაი 6 გახდება.

საინტერესოა, რით არის განსაკუთრებული ვაი-ფაი 6 ტექნოლოგიური თვალსაზრისით? ვაი-ფაი 5-თან შედარებით, ვაი-ფაი 6 მოგიტანთ მნიშვნელოვნად გაზრდილ მონაცემთა მაჩვენებლებს, ჩამოტვირთვის თეორიულ სიჩქარეს გაზრდის 9,6 Gbps-მდე (გიგაბიტი წამში); ვაი-ფაი 5-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6,9 Gbps იყო.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თეორიული მაქსიმუმებია, რომლებსაც ვერასოდეს მიაღწევთ ყოველდღიური გამოყენებაში, მაგრამ 802.11ax-ის სიჩქარის გაუმჯობესება მაინც ადვილი შესამჩნევი იქნება.

კიდევ ერთი, რასაც ვაი-ფაი 6-ისგან უნდა ველოდეთ, არის უფრო მეტ მოწყობილობათა მიერთების უნარი; ტექნოლოგია მოიცავს OFDMA და MU-MIMO მეთოდებს, რომელთა წყალობითაც უკაბელო კავშირის ერთ ქსელს ოთხჯერ მეტი მოწყობილობა უერთდება.

ყველაფერი დიდებულად ჟღერს, მაგრამ როდის გახდება ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი? გამომდინარე იქიდან, რომ ვაი-ფაი 6-ის სერტიფიცირების მიღება მწარმოებლებს უკვე შეუძლიათ, ლოდინი დიდხანს ნამდვილად აღარ მოგვიწევს.

ვაი-ფაი 6-ის ყველა სარგებლის მისაღებად აუცილებლად დაგჭირდებათ შესაბამისი, 802.11ax-ის მხარდაჭერის მქონე როუტერი, რომელიც სულ მალე სტანდარტული ტექნოლოგია გახდება.

რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, 802.11ax (ვაი-ფაი 6) სტანდარტი ფართოდ გავრცელდება და უმეტესი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, როდის გადაწყვეტთ თქვენი გაჯეტების განახლებას და ამ სტანდარტის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე გადასვლას.

როცა ასე მოიქცევით, თქვენი უკაბელო ინტერნეტი გაცილებით სწრაფი გახდება და მას გაცილებით მეტ მოწყობილობას მიუერთებთ.

გეტყვით იმასაც, რომ ეს დიდებული ამბავი აქ არ სრულდება.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ უკვე გზაშია ვაი-ფაი 7-იც, რომელიც 2024 წელს გამოვა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

Total Page Visits: 132 - Today Page Visits: 1

Facebook Comments

ავტორიზაცია


რეკლამის გათიშვა

თქვენი რეკლამის ადგილი


598-89-37-62