”ზოგჯერ რაღაც სისულელეს მომაძახებენ ხოლმე და გულს მტკენენ” – გაიცანით 19 წლის თბილისელი მეეზოვე , რომელიც მომავალი ექიმია…

”ზოგჯერ რაღაც სისულელეს მომაძახებენ ხოლმე და გულს მტკენენ” – გაიცანით 19 წლის თბილისელი მეეზოვე , რომელიც მომავალი ექიმია…

19 წლის ქრისტინა თოფურია სამედიცინოზე სწავლობს. მესამე კურსის სტუდენტია. გადაწყვეტილი აქვს, ექიმი გამოვიდეს. საკუთარი მიზნების მისაღწევად სხვა თანატოლი სტუდენტებივით მზად არის დილით, 7 საათიდან ქალაქის სისუფთავზე იზრუნოს. იმის გასარკვევად, თუ რატომ და როგორ გადაწყვიტა თბილისის დასუფთავების სამსახურში მუშაობის დაწყება 19 წლის სტუდენტმა, mshoblebi.ge ქრისტინას დაუკავშირდა.

– ჩემი მშობლები აფხაზეთში ცხოვრობენ. მე და ჩემი და თბილისში ქირით ვართ. და იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, ბინის ფული რომ გადაეხადათ და ამიტომ გადავწყვიტე მუშაობის დაწყება. მინდოდა საკუთარი თავი თვითონ მერჩინა. მერიაში
დავწერე განცხადება და ერთი თვის შემდეგ დამიკავშირდნენ. პირობები იყო ჩემთვის მოსახერხებელი. ოთხი საათი მიწევს დილით მუშაობა და ლექციებზე სიარულს ასე ვახერხებ. თან ხელფასიც ნორმალურია, იმის მიუხედავად რომ ზუსტად ნახევარს ბინის ქირაში ვიხდი. 400 ლარია და დილის 7 საათიდან 11 საათამდე ვმუშაობ. ეზოების და ქუჩების მოწესრიგება და დასუფთავება მევალება. თითქმის 6 თვეა, აქ ვარ.

-მშობლები, შენი მეგობრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
-მშობლებს ძალიან არ უნდოდათ რომ მემუშავა, მაგრამ მოუწიათ ამ ფაქტთან შეგუება. მეგობრებს გაუხარდათ. მართალია, ერთი მხრივ არ უნდოდათ მემუშავა, რადგან რთული სამუშაოა, მაგრამ მეორეს მხრივ დაეთანხმნენ ჩემს გადაწყვეტილებას.

– ამ სამსახურს დიდი შრომა სჭირდება, რათა ხალხს სუფთა გარემო შეუქმნა. როგორ ფიქრობ,
აფასებს ხალხი შენს მიერ გაწეულ შრომას?
-ზოგიერთი იმდენად თბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, რომ მე თვითონ მიკვირს. არიან ისეთებიც, რომლებიც ცუდად მექცევიან. მომაძახებენ ხოლმე რაღაცებს… პირველ დღეს, როცა დავიწყე მუშაობა, ერთმა ქალბატონმა მომაძახა, რომ ტყუილად მიხდიან ხელფასს და რაფერის გამკეთებელი ვარ, რამაც ძალიან მატკინა გული. ისე ხმამაღლა ამბობდა, რომ უნდოდა, გამეგო. მართლა ძალიან ბევრს ვშრომობ და გულს მტკენს ასეთი დამოკიდებულება.

-როგორც აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქე, სახელმწიფოსგან ალბათ დახმარებასაც იღებ…
-საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ეხმარება იმ სტუდენტებს, ვინც სკოლა აფხაზეთში დაამთავრა. სწავლის გადასახადს გვიფარავენ მთლიანად.

-შენი მშობლების შემოსავლის წყარო რა არის?
-გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ცხოვრობენ და ძირითადად თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ.

-რამდენად რთულია შენთვის მუშაობა ?
-ძალიან. თუ წვიმს და ქარია არ ვმუშაობთ ხოლმე, თუმცა ყველაზე რთული წვიმის შემდეგ არის მუშაობა, იმიტომ რომ მძიმეების აწევა მიწევს. ზოგჯერ იმდენად ვიღლები ხოლმე, მიფიქრია, რომ საერთოდ აღარ მივსულიყავი სამსახურში, მაგრამ თანდათან შევეჩვიე ამ ყველაფერს, თან სამსახურის პირობებით კმაყოფილი ვარ, რადგან სწავლაში მიწყობენ ხელს.

-რას ეტყვი მოქალაქეებს, რომლებიც ნაგავს ყრიან ქუჩაში?
-მე თუ მკითხვათ, აზროვნება უნდა შეიცვალონ, თვითონ ქვეყნისადმი და ქალაქისადმი და დაიცვან სისუფთავე. უნდა მივეჩვიოთ ნარჩენების ნაგვის ურნაში ჩაყრას და მეტად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას.

გამომდინარე იქიდან, რომ ქრისტინას მსგავსად არაერთი სტუდენტი მუშაობს თბილისის დასუფთავების სამსახურში mshoblebi.ge-მ გადაწყვიტა გაეგო, როგორ ხდება სამსახურში სტუდენტების დასაქმება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილსერვისის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსს, დავით ჩანქსელიანს გაესაუბრა.

-რამდენად ხშირად მიმართავენ თბილსერვის ჯგუფს სამსახურის მაძიებელი სტუდენტები?
-ზოგადად სტუდენტების მომართვიანობა ხშირია. რამდენიმე წლის წინ იყო, როცა სტუდენტებს საზაფხულო სამუშაოებს სთავაზობდა ჩვენი სამსახური და მას მერე საკმაოდ გააქტიურდნენ სტუდენტები.

-ამ დროისთვიის რამდენი სტუდენტი გყავთ დასაქმებული?
-ახლა ჩვენთან 14 სტუდენტი მუშაობს. ერთი გოგოა და დანარჩენი ბიჭები. აქედან მეეზოვის პოზიციაზე 9 სტუდენტია დასაქმებული.

-როგორია სტუდენტების სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება?
-ძირითადად დასაქმებულები არიან დილის საათებში. გვაქვს ორი სამუშაო სმენა. ვინც დილით მუშაობს 400 ლარი აქვს ანაზღაურება. ვინც მეორე სმენაში მუშაობს მას 600 ლარს ვუხდით.

-როგორ ხდება სამსახურში სტუდენტების მიღება?

-ან ფეისბუქ გვერდზე გვწერენ დასაქმების შესახებ, ან განცახდებები მოაქვთ ჩვენთან და ტოვებენ. შემდეგ კადრების განყოფილება არჩევს მათ. რაც შეეხება ვაკანსიებს, ამის გამოცხადების საჭიროება არ არის ხოლმე, რადგან მთლიანობაში ბევრი ადამინი მუშაობს ჩვენთან. გვაქვს საინფორმაციო ბაზა, სადაც გამნმცხადებელებს, დასაქმების მსურველებს შემოაქვთ თავიანთი მონაცემები.

-როგორ აფასებთ სტუდენტების სურვილს და გადაწყვეტილებას დასუფთავების სამსახურში მუშაობასთან დაკავშირებით?
-ჩემი აზრით ასეთი სტუდენტები არიან ის სტუდენტები, რომლებიც სერიოზულად უყურებენ ცხოვრებას. ამ ფორმით ისინი ცდილობენ საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მათ მშობლებს შეიძლება არ ჰქონდეთ მატერიალური შესალებლობები, ან თუნდაც თვითონ სურთ დამოუკიდებლად მიიღონ შემოსავალი, რომელითაც სწავლის საფასურს დაფარავენ.

Banner

Previous 3 ზოდიაქო, რომელთაც 2019 წელს არ გაუმართლებთ – ნახე, ხარ თუ არა სიაში
Next 10 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ მაკა ჩიჩუა ულამაზესია

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი