რა უფლებამოსილება ჰქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილს და რა აეკრძალა სალომე ზურაბიშვილს

რა უფლებამოსილება ჰქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილს და რა აეკრძალა სალომე ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილი დღეს უკვე ოფიციალურად შეუდგება საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და კონსტიტუციის ახალი რედაქციაც დღეიდან შევა ძალაში. რა უფლებამოსილებები ექნება ახალ პრეზიდენტს – წინამორბედი პრეზიდენტის უფლებებიდან რა შეუნარჩუნდა და რა შეეზღუდა ახალი კონსტიტუციით?

პრეზიდენტის შესახებ კონსტიტუციის მე-4 თავი იწყება იმით, რომ – პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

ეს ჩანაწერი იყო 16 დეკემბრამდე მოქმედ კონსტიტუციაშიც და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინოლოგიურად პრეზიდენტი კვლავ „უმაღლესი მთავარსარდალია“, მნიშვნელოვნად შეკვეცილია მისი უფლებამოსილებები, რაც დიდწილად აზრს უკარგავს მთავარსარდლის სტატუსს. ასევე პრეზიდენტი შეზღუდულია საგარეო ურთიერთობებშიც და მთავარი როლი პრემიერ-მინისტრს აქვს.

16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციით, ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში პრეზიდენტს შეეძლო გამოეცხადებინა საომარი თუ საგანგებო მდგომარეობა, ასევე შეეძლო დაედო ზავი და საგანგებო მდგომარეობისას გამოეცა კანონის ძალის მქონე დეკრეტები და წარედგინა პარლამენტისთვის დასამტკიცებლად.

ახალი კონსტიტუციით კი პრეზიდენტი ვერ გამოაცხადებს საომარ და საგანგებო მდგომარეობას, ვერ დადებს ზავს და ვერ გამოსცემს დეკრეტებს. ის მხოლოდ შუალედურ რგოლადაა გადაქცეული, პრეზიდენტი არა თავის, არამედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს წარუდგენს პარლამენტს.

ასევე, როგორც კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია ამბობს, 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციით, თუ ქვეყანაში საგანგებო და საომარი მდგომარეობა გამოცხადდებოდა, პრეზიდენტი სამხედრო ძალების რეალური მმართველი ხდებოდა, ახალი კონსტიტუციით კი სამხედრო ძალების მმართველი პრემიერ-მინისტრია.

„საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმართავს საქართველოს პარლამენტს და როგორც კი გამოცხადდება საომარი მდგომაროება, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტის მონაწილება მხოლოდ სიმბოლურია. ის უბრალოდ პრემიერს ინიციატივებს წარუდგენს პარლამენტს,“ – ამბობს ჩოკორაია.

მცირედით, მაგრამ ასევე შესუსტებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობების სფეროში და აქაც მთავარი უკვე პრემიერ-მინისტრია.

ჩოკორაიას თქმით, პრეზიდენტს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულებების დადების დროს სჭირდებოდა მთავრობასთან შეთანხმება იმაზე, თუ როგორ წარმართავდა მოლაპარაკებებს. ახალი კონსტიტუციით კი მთავრობასთან ასევე სჭირდება შეთანხმება იმაზე, წავა თუ არა სადმე შეხვედრაზე.

“ასევე პრემიერ-მინისტრის თავში ჩანაწერი გაჩნდა, რომ პრემიერი წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. რეალურად, პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებების განხორციელების დაწყებაც კი პრემიერ-მინისტრზე იქნება დამოკიდებული,“ – ამბობს ჩოკორაია.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდის თქმით, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით არსებითი ცვლილებაა ის, რომ კონსტიტუციის წინა რედაქციის თანახმად, არ შეიძლებოდა პრეზიდენტის გარეშე დადებულიყო რამდენიმე ტიპის ხელშეკრულება, მაგალითად ისეთი, რომელიც დაკავშირებული იყო ტერიტორიულ საკითხებთან, ან ისეთი, რომელიც დაკავშირებული იყო საერთაშორისო-სამხედრო ალიანსებში შესვლასთან. დღეს კი ამ ჩამონათვალს კონსტიტუციაში აღარ ვხვდებით და პრეზიდენტს არ აქვს ამ მიმართულებაში გადამწყვეტი სიტყვის უფლება. დღეს ეს ფუნქცია მთავრობას და პარლამენტს აქვს.

მენაბდის თქმით, ასევე შესუსტებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები საკადრო გადაწყვეტილებებისას.

„საკადრო უფლებამოსილებებში პრეზიდენტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გამოაკლდა. ადრე უფლება ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების კანდიდატურა წარედგინა პარლამენტისთვის და ახლა ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა,“ – აღნიშნავს მენაბდე.

გარკვეული ცვლილებებია სახელმწიფო ჯილდოების გაცემასთან დაკავშირებით და აქაც ნაწილზე საჭიროა პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია, ნაწილზე კი პრეზიდენტს უნარჩუნდება უფლებამოსილება.

კონსტიტუციის წინა რედაქციით, პრეზიდენტი ანიჭებდა სახელმწიფო ჯილდოებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;

„ახალი რეაქციით სახელმწიფო ჯილდოები, პრემიები და საპატიო წოდებები არ საჭიროებს კონტრასიგნაციას, ხოლო ისეთი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო საკითხებთან და სპეციალურ და უმაღლეს დიპლომატიურ რანგებთან, ეს საჭიროებს კონტრასიგნაციას,“ – აღნიშნავს მენაბდე.

თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ გაუქმდა ეროვნული უშიშროების საბჭო, პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანო, რომლის თავმჯდომარეც იყო პრეზიდენტი. მის ნაცვლად კი, საომარი მდგომარეობისას ომის დასრულებამდე, ეროვნული თავდაცვის საბჭო ჩამოყალიბდება, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, პრეზიდენტს არა აქვს მექანიზმი, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა ბიუჯეტი, ან არ დაამტკიცა მთავრობის შემადგენლობა.

ასევე ცვლილებაა ის, რომ აქამდე პრეზიდენტი არ შეიძლება ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე, არც პარტიაში სხვა რაიმე თანამდებობა ჰქონდა. ახალი კონსტიტუციით კი პარტიის რიგითი წევრობაც არ შეიძლება მას შემდეგ, რაც პირი პრეზიდენტი გახდება.

პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თუმცა, ეს უფლება პრეზიდენტს 2013 წლის არჩევნების შემდეგ არ აქვს. ასევე, როგორც ადრე, ახლაც, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას სჭირდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია.

პრეზიდენტს უნარჩუნდება კანონპროექტებზე ვეტოს უფლება, თუმცა ვეტოს ვერ გამოიყენებს კონსტიტუციურ კანონზე; პრეზიდენტს უნარჩუნდება პატიმრების შეწყალების უფლება; შეზღუდულად აქვს მოქალაქეობის მინიჭების უფლება; ასევე დარჩა მთელი რიგი თანამდებობის პირების დანიშვნის უფლებამოსილება, მათ შორის ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3-ს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს.

წყარო: resonancedaily.com. და infonevs.ge

Banner

Previous "სულ მომწონდა, მაგრამ გუშინ შემიყვარდა " - თურქეთის ელჩის შესრულებული "სულიკო" (ვიდეო)
Next დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი