რუსული გაზი და საქართველო: რა უნდა ავირჩიოთ – ენერგეტიკული დამოუკიდებლობა თუ ენერგეტიკული უსაფრთხოება?

რუსული გაზი და საქართველო: რა უნდა ავირჩიოთ – ენერგეტიკული დამოუკიდებლობა თუ ენერგეტიკული უსაფრთხოება?


ხათუნა ჩიგოგიძე:

ბუნებრივი აირის გარეშე თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყნები მსოფლიოში სერიოზული გავლენით სარგებლობენ. ჩვენს სამშობლოს ბუნებრივ აირით მეზობელი ქვეყნები ამარაგებენ: 2007 წლამდე გაზის ძირითადი მიმწოდებელი საქართველოსთვის რუსეთი იყო, 2008 წლის შემდეგ ეს ფუნქცია აზერბაიჯანმა იკისრა და რუსული გაზის მოწოდება ჩვენი ქვეყნისთვის სომხური ტრანზიტის დონეზე დარჩა. 2017 წელს სიტუაცია შეიცვალა: „გაზპრომმა“ უარი განაცხადა ტრანზიტის ასეთი გზით ანაზღაურებაზე და ფულად ანგარიშსწორებაზე გადავიდა. ჩვენი ენერგეტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალში თბილისს რუსული გაზის შესყიდვა.აუცილებლად დასჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ ბუნებრივიაირის მოხმარება საქართველოში ყოველწლიურად მატულობს. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ პროგნოზით, 2030 წელს ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება საქართველოში 50%-ით გაიზრდება და 3.5 მლრდ კუბ/მეტრს გადააჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულიგაზი არ გვეყოფა და დამატებითი რესურსის მოძიება მოგვიწევს. დანაკლისის შევსებარუსული გაზის იმპორტითაც შეიძლება, მაგრამჩვენი საზოგადოება შიშობს, რომ მოსკოვინებისმიერ დროს შეძლებს ჩვენთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტას. რა გზებით შეიძლება ამ დილემის მოგვარება? – ამის შესახებ „ბიზნესპოსტს“ ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი – ანზორ ჭითანავა ესაუბრა:

-ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყანა არ არის. ადგილობრივი ბუნებრივი აირი ჩვენი საჭიროების მხოლოდ 0,3%-ს აკმაყოფილებს – ეს არის უმნიშვნელო რაოდენობა, რომელიც ნავთობის მოპოვების დროს გვრჩება. ამ მხრივ, ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული იმპორტზე. გაზის მომწოდებელ სახელმწიფოებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რომელსაც ამ ბაზარზე 51-52% უჭირავს.

-ბატონო ანზორ, ბუნებრივი აირის მოხმარება საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. გაიზარდა 2018 წელსაც: კომერციული სექტორის მიერ – დაახლოებით, 12 პროცენტით, ხოლო მოსახლეობის მიერ – 10 პროცენტით. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

-ეს სავსებით ნორმალური და დადებითი მოვლენაა: საქმე ის არის, რომ მთელ საქართველოში მიმდინარეობს გაზიფიცირება და ხალხი შეშის ნაცვლად ბუნებრივ აირს მოიხმარს. ცხადია, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

-რა გზით უნდა შეივსოს გაზრდილი მოთხოვნა ბუნებრივ აირზე?

-ქართველი ენერგეტიკოსები ასახელებენ ირანული და თურქმენული გაზის წილის გაზრდას, რასაც არც მე გამოვრიცხავ. ალბათ რუსული გაზის დახმარებაც დაგვჭირდება – ეს საზოგადოების შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ამაში საშიში არაფერია. რუსული გაზის წილი ჩვენს ქვეყანაში დღეს 10 %-ის ფარგლებშია და თუ ეს წილი რამდენიმე პროცენტით მოიმატებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა აზერბაიჯანს ჩაანაცვლებს. რუსეთთან ჩვენ არ მხოლოდ ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის სფეროშიც ვთანამშრომლობთ. ეს სქემა ათეული წლების განმავლობაში მუშაობს და უფრო მეტი რუსული გაზის მოხმარება სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაზე დამოკიდებული ვხდებით. ეს არის ეკონომიკური საკითხები და ჩვენც იძულებული ვართ ვითანამშრომლოთ, რადგან ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში ბევრი რამით ვართ რუსეთზე დამოკიდებული. ასეთი ურთიერთობები აუცილებელია. კარგი იყო ტრანზიტით დატოვებული გაზის საფასური ნატურით მიგვეღო, მაგრამ თანხას გვიხდიან. რა მოხდა მერე? – ურთიერთნდობა მოლაპარაკების პროცესში უნდა წარმოიშვას, რაც იოლი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ? – ეკონომიკური ურთიერთობა ზოგჯერ მტერთანაც საჭიროა.

-საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსული გაზისიმპორტი სარისკოა, რადგან მოსკოვი როცა მოისურვებს, მაშინ შეძლებს მის შეწყვეტას.

-სწორედ ამიტომ, არც რუსეთზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, არც – აზერბაიჯანზე, არც – ირანზე და არც რომელიმე სხვა ქვეყანაზე. ჩვენ ამ ქვეყნებთან დივერსიფიცირებული ურთიერთობა უნდა გვქონდეს როგორც მიწოდების, ისე გადაცემის თვალსაზრისით. დღესდღეობით, ბუნებრივ აირს რუსეთიდანაც ვიღებთ, აზერბაიჯანიდანაც და სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდანაც. არის შესაძლებლობა, რომ ირანიდანაც მივიღოთ და ეს ძალიან სწორი, პერსპექტიული მიმართულებაა. როდესაც გაზის მოწოდება დივერსიფიცირებული იქნება, საგანგებო სიტუაციების, ან კატაკლიზმების დროს ჩვენ გვექნება საშუალება სხვადასხვა წყარო გამოვიყენოთ და მოსახლეობა კრიზისისგან დავიცვათ. ეს სქემა საუკეთესოა იმ შემთხვევაშიც, როცა რომელიმე მილსადენი, ან ნაგებობა მწყობრიდან გამოდის…

-ესე იგი, დივერსიფიცირება ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალია?

-დიახ, ეს საქართველოსთვის საუკეთესო გზაა, რადგან ყოველგვარი რისკი მცირდება, როცა ქვეყანას ბევრი მიმწოდებელი ჰყავს და მხოლოდ ერთ წყაროზე არ არის დამოკიდებული. გარდა ამისა, გაზის მარაგიც უნდა გვქონდეს – უნდა შეიქმნას ისეთი სტრუქტურა, როგორიც მიწისქვეშა გაზსაცავია. კარგია, რომ ასეთი გაზსაცავი საქართველოში უკვე შენდება და გეგმის მიხედვით, 2019 წელს დასრულდება. ის 300 მლნ.კუბ/მ ბუნებრივ აირს შეინახავს. ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად.

-ბატონო ანზორ, მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული გაზი იაფია იმის გამო, რომ დაბალი ხარისხისაა, რომ მას რუსული გაზი ჯობია და ა.შ… რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

-მე ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. აზერბაიჯანული გაზის ხარისხობრივი მაჩვენებლები სავსებით აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს. უბრალოდ, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ტრანსპორტირება გვიჯდება იაფი და აზერბაიჯანული გაზიც ევროპულთან შედარებით იაფია. დღეს ამ სფეროში დომინანტი აზერბაიჯანია, თუმცა, უკვე გითხარით, რომ დამოკიდებული არც ერთ ქვეყანაზე არ უნდა ვიყოთ. ბუნებრივი აირი გვჭირდება და მისი მოზიდვა ყველა მეზობელი ქვეყნიდან უნდა შევძლოთ, იქნება ეს ირანი, აზერბაიჯანი, თუ რუსეთი. ბუნებრივი აირის მოხმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ძალიან ბევრი რეგიონი ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული. რაც უფრო ინტენსიური იქნება გაზიფიკაციის პროცესი, მით ნაკლები ხე-ტყე დაზიანდება და ჩვენი ბუნებაც უფრო დაცული იქნება. ბუნებრივი აირი საქართველოსთვის ეკონომიკური უზრუნველყოფის მთავარი წყარო უნდა გახდეს. პირველ რიგში, ეს იმ გაზსადენების ხარჯზე უნდა მოხდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის და იმ კონტაქტების ხარჯზეც, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს. რაც შეეხება რუსეთს, რა დიდი მოცულობით არის წარმოდგენილი საქართველოში რუსული ენერგეტიკა, ეს ყველამ ვიცით. კვალიფიციური მიდგომის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თუ ამ საკითხში პოლიტიკას ჩავრევთ, ის მუდმივად დაპირისპირების თემად დარჩება.

-და ბოლოს, რამდენად რეალურია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის იდეა, რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტიც იზიარებს?

-ჩემი აზრით, სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას საქართველო ვერ მიაღწევს თუნდაც იმის გამო, რომ ბუნებრივი აირის 95% ჩვენთან შემოტანილია. ამჟამად ჩვენ არა გვაქვს საამისო რესურსი და შესაძლებლობა, მაგრამ მომავალში რა იქნება, ეს ძნელი სათქმელია. თუ მთელი ეკონომიკა ელექტროენერგიას დაემყარება და ამას ალტერნატიული ენერგიის წყაროებიც დაემატება, ქართულ ენერგეტიკაში სულ სხვა რეალობას მივიღებთ, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ და არა – ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანი და შორეული პერსპექტივა მგონია.

წყარო: Businesspost.ge

Banner

Previous სამსახური ვერ დავიწყე იმიტომ, რომ "ნაციონალი" ვარ ხო ? - სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა პირდაპირ ეთერში სცადა
Next შესაძლოა ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს.

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი