სოციალური ნდობის კონსტრუირების გეგმა – ჩინეთის ახალი პარანოია

ჯერ კიდევ 2014 წლის 14 ივნისს ჩინეთის საბჭომ გამოაქვეყნა საკმაოდ უცნაური და ავის მომასწავებელი დოკუმენტი.

“სოციალური ნდობის კონსტრუირების გეგმის მონახაზი” ასე ეწოდებოდა დოკუმენტს, რომელიც გრძელი და მშრალი იყო, თუმცა საკმაოდ რადიკალურ იდეას შეიცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არსებობს ბაზა, სადაც თითქმის ყოველ ჩვენგანზე ვიპოვით ინფორმაციას და შესაბამისად შეფასებებსაც, მაინც, სულ ორი წამით წარმოიდგინეთ თავი ისეთ სამყაროში, სადაც ყოველი დღე იქნება შენი სტატუსის და დადებითი შეფასების  მოპოვებისათვის ბრძოლა, რაც შენსავე სოციალური ნდობის ქულებზე აისახება. მნიშვნელობა ექნება ვისთან მეგობრობ, როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან, სად ხარ კონკრეტულ მომენტში, რამდენ საათს ატარებ თამაშის ან ტელევიზორის ყურებისას, როგორ იხდი გადასახადებს, სად ატარებ თავისუფალ დროს და ა.შ. ეს ყველაფერი რთული წარმოსადგენია, თუმცა  ჩინეთში შესაძლოა სრულ რეალობადაც იქცეს.

სახელმწიფოსაგან დადგენილი წესების მიხედვით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ჩვენთვის ქულის დაწერა, რომელიც საჯარო იქნება და დიდ გავლენას მოახდენს ჩვენ სამსახურეობრივ კარიერაზე, ჩვენი შვილების სკოლაში მიღებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის სახელმწიფოს უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს, მაინც აქტიურად მუშაობს 1.3 მილიარდი ადამიანისთვის მსგავსი სისტემის დანერგვაზე, რომელიც მათივე რწმენით, მოსახლეობას “გულწრფელობისა” და “ნდობის” კულტურის დანერგვაში დაეხმარება. თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ონლაინ სამყარო რეალური გარემოსგან მკვეთრად განსხვავდება. რა მოხდება მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს შეუერთდებიან? სრული პარანოია. მოსახლეობას ძალიან დიდ ყურადღების მიქცევა მოუწევთ თავიანთ სოციალურ სტატუსის ასამაღლებლად და მაშინ, როდესაც ჩვენი ნებისმიერი ქმედება გარკვეულ შეფასებებს დაიმსახურებს, ადამიანებისთვის რეალური ემოციების გამოხატვა თითქმის შეუძლებელი გახდება. მსგავსი თავშეკავებულობის გამოხატვა კი უდიდეს ენერგიას მოითხოვს და შესაძლოა დეპერსონალიზაციამდე და მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდეც მივიდეთ.

ხელაღებით შეუძლებელია ითქვას, როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა თუ ყველაფერი აქ არ შეჩერდება, შესაძლოა ძალიან სავალალო შედეგები მივიღოთ არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.

წყარო: wired.com

ავტორი: დეა გაგნიძე

Total Page Visits: 461 - Today Page Visits: 1

Facebook Comments